Henri Cochet       Jack Kramer           Lew Hoad          Tony Trabert        Pancho Segura         Ilie Nastase        Billi Jean King

Home      გამოჩენილი ჩოგბურთელები თილისის კორტებზე   

ჩემს ოჯახში სპორტის თემა ყოველთვის აქტუალური იყო. ჭადრაკი, ფეხბურთი, კალათბურთი, ჩოგბურთი - ეს იმ სპორტის სახეობებია, რომელთანაც ჩემი ბავშვობის მოგონებები არის დაკავშირებული. ჭადრაკის თამაში 5 წლისამ ვისწავლე, ფეხბურთთან დამაკავშირა ეზომ და იმან, რომ თბილისის "დინამოს" და "სპარტაკის" თამაშებს ვესწრებოდი, კალათბურთთან - დაუვიწყარმა თამაშებმა ვერის პარკში თბილისის "დინამოს" და თბილისის ოფიცერთა სახლის გუნდებს შორის, ჩოგბურთთან კი - ჩვენი თანამემამულის ედუარდ ნეგრებეცკის გამარჯვებამ ნიკოლაი ოზეროვთან საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ფინალში 1949 წელს. გამოჩენილ ჩოგბურთელებზე პირველად ჩემ მშობლებისაგან გავიგე. განსაკუთრებით დამამახსოვრდა გვარები ბაჯი და კოშე. ბაჯზე ამბობდნენ, რომ ის არის წითური, 30-იანი წლების დაუმარცხებელი ჩემპიონი, კოშე კი თურმე თბილისშია ნამყოფი და ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია . 1951 წელს ჩოგბურთის თამაში დავიწყე და ჩვენი მწვრთნელი არამ ხანგულიანი ყოველთვის გვიყვებოდა გამოჩენილ ფრანგზე. ძალიან გამიმართლა, რომ 50_იან წლებ­ში ცნობილმა ჭადრაკის ოსტატმა ნიკოლაი სოროკინმა საინტერესო წიგნი მაჩუქა - "თანამედროვე ჩოგბურთი". ამ ილუსტრირებულ წიგნში მოთხრობილი იყო დიდი ჩოგბურთის ჩემპიონებზე. ბუნებრივია, ანრი კოშეს დიდი ადგილი ეკავა წიგნში. ვინ არის ეს ანრი კოშე, რომელიც გამოდიოდა თბილისის კორტებზე და რომლის თამაშის სტილზე აქამდე კამათობენ ჩოგბურთის თეორეტიკოსები. ანრი კოშე (HENRI COCHET) დაიბადა ლიონში, 1901 წლის 14 დეკემბერს. მისი მამა მდივნად მუშაობდა ადგილობრივ საჩოგბურთო კლუბში. იქ ისწავლა ანრიმ ჩოგბურთის თამაში. თავისი კარიერის მანძილზე მან ოთხჯერ მოიგო საფრანგეთის ჩემპიონატი (1926, 1928, 1930, 1932), ორჯერ უიმბლდონი (1927, 1929) და ერთხელ აშშ_ის ჩემპიონატი (1928), ექვსჯერ (1927-1932) ანრი კოშემ რენე ლაკოსტთან, ჟან ბოროტრასთან და ჟაკ ბრიუნიონთან ერთად "DAVIS CUP"-ი მოიპოვა, ოთხი წლის განმავლობაში (1928-1931) იგი სათავეში ედგა მსოფლიოს უძლიერესი ჩოგბურთელების ათეულს. 1933 წელს ანრი კოშემ დაასრულა თავისი კარიერა მოყვარულებს შორის და პროფესიონალებში გადავიდა. პროფესიონალურ ტურნირებში ის იშვიათად იღებდა მონაწილეობას, ძირითადად ჩოგბურთის პოპულარიზაციას და მწვრთნელობას ეწეოდა. იმ წლებში მან დაწერა მშვენიერი წიგნი ~ჩოგბურთი~, რო­მელმაც დღევანდლამდე არ დაუკარგავს თავისი აქტუალობა ჩოგბურთის ტაქტიკის ნაწილში. 1936 წელს კოშე პირველად ჩამოდის საბჭოთა კავშირში, სადაც ის ატარებს მთელ რიგ საჩვენებელ გამოსვლებს მოსკოვში, ლენინგრადსა და კიევში. ამ თამაშებში მონაწილეობა მიიღეს ჩვენმა თანამემამულეებმა ე. ნეგრებეცკიმ და ა. მდივანმა. 1937 წელს ზაფხულში კოშემ მოსკოვში საჩოგბურთო სკოლა ჩამოაყალიბა. ამ სკოლაში მონაწილეობდნენ ქართვერლი მწვრთნელები და ჩოგბურთელები - იან ჰომერი, არამ ხანგულიანი, ვახტანგ (გუგული) დიდიძე, ვანო ელერდაშვილი, დავით გულიაშვილი ,ბორის კრუპენიკოვი, პავლე პოდპორინი, ნუნუ ხელაია. და აი ჩვენ ვკითხულობთ თბილისის გაზეთებში, რომ 1937 წლის 22-24 აგვისტოს 17 საათზე ჟორესის ქუჩაზე მდებარე კორტებზე (დღეს მარჯანიშვილის ქუჩა) შესდგება ანრი კოშეს და წამყვანი საბჭოთა ჩოგბურთელების ბორის ნოვიკოვის, ედუარდ ნეგრებეცკის, ევგენი კუდრიავცევის და ნიკოლაი ჯაკსონის გამოსვლები. სამწუხაროდ, მონაწილეებს შორის აღარ იყო რეპრესირებული ბრწყინვალე არჩილ მდივანი. ერთეულებში კოშემ ადვილად მოუგო ნეგრებეცკის და ნოვიკოვს, ხოლო წყვილთა თანრიგში ჯაკსონთან ერთად მან გამარჯვება მოიპოვა ნეგრებეცკიზე და კუდრიავცევზე. 1976 წელს ანრი კოშე არჩეულ იქნა ჩოგბურთის დიდების დარბაზში (Hall of Fame)). გარდაიცვალა ანრი კოშე 1987 წლის 1 აპრილს, საფრანგეთში, დაბა St. Germain -en Laye-ში.
მხოლოდ 24 წლის შემდეგ, 1961 წლის ივლისში თბილისში ისევ ასპარეზობენ მსოფლიოს უძლიერესი ჩოგბურთელები. 50-იან წლებში ნაწილობრივ გაიხსნა რკინის ფარდა. საბჭოთა კავშირში ჩამოდის ლეონარდ ბერნსტაინი ნიუ-იორკის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. ჩამოდიან განთქმული ჯაზმენები, ბენი გუდმენი და მაქს გრეგერი. 1959 წელს მოსკოვს ეწვია განთქმული პროფესიონალური საკალათბურთო გუნდი "ჰარლემ გლობტროტერსი", რომელსაც სათავეში ედგა უდიდესი უილტ ჩემბერლენი. 1961 წელს საბჭოთა კავშირში ტურნეს ატარებს ჯეკ კრამერის(JACK KRAMER) განთქმული პროფესიონალური საჩოგბურთო დასი. თვითონ კრამერი 40_იანი წლების გამოჩენილი ჩოგბურთელი იყო. 1946 - 1947 წლებ­ში აშშ-ს ჩემპიონი, 1947 წლის უიმბლდონის ტურნირის გამარჯვებული. ის მაშინვე გადადის პროფესიონალებში და 1948 წელს მსოფლიო ჩემპიონი ხდება. კრამერის დასის შემადგენ­ლობაში შედიოდნენ გამოჩენილი ჩოგბურთელები ლიუ ჰოუდი (1934-1994), ტონი ტრაბერტი, პანჩო სეგურა, კურტ ნილსენი, ბარი მაკკეი და ბატჩ ბუჰგოლცი. სამწუხაროდ თბილისში ვერ ჩამოვიდნენ პანჩო გონზალესი და კენ როზუოლი. ბუნებრივია მთელი ყურადღება მიკრობილი იყო ორ გამოჩენილ ჩოგბურთელზე – ავსტრალიელ ლიუ ჰოუდზე (LEW HOAD) და ამერიკელ ტონი ტრაბერტზე. ჰოუდს 1956 წელს ცოტა დააკლდა, რომ “GRAND SLAM”-ი მოეპოვებინა. მან ზედიზედ გაიმარჯვა ავსტრალიის, საფრანგეთის და უიმბლდონის ჩემპიონატებში, მაგრამ აშშ_ს ჩემპიონატის ფინალში თავის მეგობართან - კენ როზუოლთან წააგო. ტონი ტრაბერტსაც(TONY TRABERT) 1955 წელს "GRAND SLAM"-ის მოგების შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ ავსტრალიის ჩემპიონატის ნახევარფინალში მან ისევ კენ როზუოლთან წააგო. ამჟამად ტრაბერტი აშშ-ს ტელევიზიის ერთ-ერთი წამყვანი კომენტატორია. 1978 წელს ის არჩეული იქნა ჩოგბურთის “დიდების დარბაზში”. კრამერის დასის თამაშები ჩატარდა "სპორტის სასახლეში" ხის საფარზე და სპორტის მოყვრულთა დიდი ინტერესი გამოიწვია. ძალიან შთამბეჭდავი იყო შეხვედრა ლიუ ჰოუდსა და ტონი ტრაბერტს შორის. მეტოქეებმა მწვავე, შემტევი ჩოგბურთი აჩვენეს. გამარჯვება ლიუ ჰოუდს ერგო ანგარიშით 11:9, 9:7.
1973 წელს "დინამო"-ს კორტებზე "დევისის თასის" გათამაშების ფარგლებში საბჭოთა კავშირის და რუმინეთის ჩოგბურთელები შეხვდნენ. რუმინეთის გუნდის შემადგენლობაში გამოდიოდა აშშ-ს 1972 წლის ჩემპიონი, საფრანგეთის 1973 წლის ჩემპიონატის გამარჯვებული და 1973 წლის მსოფლიოს პირველი ჩოგანი ილიე ნესტასე. მაღალი, კარგად განვითარებული მუსკულატურით, მან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩოგბურთის მოყვარულებზე. საუკეთესო ტექნიკის მფლობელმა, ნესტასე ქადაგებდა მწვავე კომბინაციურ ჩოგბურთს. მაშინ რუმინელებმა მოიგეს, ანგარიშით 3:2. ნესტსემ გაიმარჯვა ა. მეტრეველთან და თ. კაკულისთან, ხოლო წყვილში იონ ცირიაკთან ერთად ა. მეტრეველს და ს. ლიხაჩოვს მოუგეს.
1976 წელს "სპორტის სასახლეში" შედგა საბჭოთა კავშირის და აშშ_ს გუნდებს შორის ამხანაგური შეხვედრა. აშშ-ს გუნდის შემადგენლობაში გამოდიოდა განთქმული ჩოგბურთელი ბილი ჯინ კინგი "Grand Slam"-ის ტურნირების 12 ტიტულის მფლობელი ერთეულთა თანრიგში. თამაშები ჩატარდა ხალიჩის საფარზე და ბილი ჯინ კინგმა განთქმულ რუს ჩოგბურთელს ოლღა მოროზოვას სძლია. თბილისში სხვადასხვა დროს სხვა ცნობილი ჩოგბურთელებიც თამაშობდნენ. 1961 წელს თბილისის საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვა ცნობილმა უნგრელმა ჩოგბურთელმა იშტვან გუიაშმა. 1962 წელს ამხანაგური შეხვედრები ქართველ ჩოგბურთელებთან ჩაატარეს "GRAND SLAM"-ის ტურნირების გამარჯვებულებმა წყვილთა და შერეულ წყვილთა თანრიგში ბობ ჰიუიტმა და ოუენ დევიდსონმა.
1985 წელს "დევისის თასის" გათამაშებაში საბჭოთა კავშირის და ჩეხოსლოვაკიის გუნდებს შორის შეხვედრა თბილისის ~სპორტის სასახლეში~ ჩატარდა. მასში მონაწილეობდა 80-ანი წლების მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ჩოგბურთელი, 1988 წლის ოლიმპიური ჩემპიონი მიროსლავ მეჩირი.
თავისუფლების მოპოვების შემდეგ, საქართველოში განთქმული ჩოგბურთელის ლეილა მესხის ინიციატივით 1997 წლიდან ტარდება საერთაშორისო ტურნირები. ამ ტურნირებზე თბილისსა და ბათუმში გამოდიოდნენ ბევრი ცნობილი ჩოგბურთელები. მათ შორის უთუოდ უნდა აღვნიშნოთ დღეს უკვე განთქმული ელენე დემენტიევა - 2000 წლის ოლიმპიური თამაშების და აშშ-ს ჩემპიონატის პრიზიორი და ანასტასია მისკინა 2004 წლის საფრანგეთის ჩემპიონი. ჩოგბურთის ტურნირები, რომელიბიც საქართველოში თანდათან მეტ პოპულარობას იძენენ, ვიმედოვნებ, რომ სულ მალე საქართველოს კორტებზე თანამედროვე ჩოგნის გამოჩენილ ოსტატებს ვიხილავთ
 

Home