არჩილ მდივანი (1911-1937)

 

დაიბადა 30.06.1911. ერთ-ერთი უძლიერესი ჩოგბურთელი ქართული ჩოგბურთის

ისტორიაში. 1934-1936 წლებში საბჭოთა კავშირის ჩემპიონი წყვილთა

თანრიგში ედუარდ ნეგრებეცკისთან ერთად. 1931-1935 წლებში სსრ კავშირის

უძლიერეს ათეულში შედიოდა. მწვრთნელი იან ჰომერი.

1937 წელს  რეპრესირებულია (13.09.1937)
 

როდესაც ვლაპარაკობთ კომუნისტური რეჟიმის რეპრესიებზე საქართველოში, ისეთი ხალხი გვაგონდება, როგორებიც იყვნენ მიხეილ ჯავახიშვილი, ევგენი მიქელაძე, პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, სანდრო ახმეტელი და ბევრი სხვა, რომლებიც ბოლშევიკური ГУЛАГ-ის სივრცემ შთანთქა. არჩილ მდივანის (1911-1937) სახელი, სამწუხაროდ სპორტული და არა მხოლოდ სპორტული ჟურნალისტების ყურადღების მიღმა დარჩა. თუმცა გიორგი ბეზირგანი გაზეთ "ასავალ დასავალში" 1998 წლის 21-27 სექტემბრის ნომერში ამ თემას შეეხო, მაგრამ, დასანანია, რომ გამოქვეყნებული მასალები შორსაა სინამდვილისგან და მხოლოდ ლამაზ ლეგენდას წარმოადგენს.
არჩილ მდივანი განთქმული ქართველი სპორტსმენი იყო, ის იყო პირველი ქართველი, რომელმაც სპორტის ოსტატის წოდება მოიპოვა ჩოგბურთში, ის იყო პირველი ჩოგბურთელი - ქართველი, რომელიც საბჭოთა კავშირის მრავალგზის ჩემპიონი გახდა. მისი სიცოცხლე მოკლე და ტრაგიკული იყო. ამ წერილში, რომელსაც საფუძვლად დაედო შეხვედრები იმ ადამიანებთან, რომლებიც ახლოს იცნობდნენ არჩილ მდივანს ერთობლივი ვარჯიშებით და შეჯიბრებებით, მე შევეცადე მეჩვენებინა მისი სპორტული და ნაწილობრივად ცხოვრებისეული გზა.
თბილისი, 1969 წლის შემოდგომა. ეს-ესაა შეჯიბრება საბჭოთა კავშირის და ჩეხოსლოვაკიის "დინამოს" ნაკრებ გუნდებს შორის დამთავრდა. გამარჯვების შემდეგ კარგ ხასიათზე ვიყავი და შინ წასვლას ვაპირებდი. გასახდელიდან გამოვედი და ცენტრალური კორტის დასავლეთ ტრიბუნაზე მარტოდ მჯდომი ჩვენი ნაკრების მწვრთნელი ედუარდ ნეგრებეცკი დავინახე. მივუჯექი, ვესაუბრე დასრულებულ თამაშებზე. მერე მოვაგონე 20 წლის წინანდელი მატჩი, რომელიც ამ კორტზე შედგა. მაშინ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ფინალში, უამრავი გულშემატკივრის თანადგომით, 5-სეტიან დრამატულ ბრძოლაში ედუარდ ნეგრებეცკიმ ნიკოლაი ოზეროვს სძლია. ბატონმა ედუარდმა შენიშნა, რომ დრო ულმობლად გარბის, მაგრამ მას ყველაფერი კარგად ახსოვს, ახსოვს როგორ დაიწყო 1920 წელს თამაში ასფალტის კორტებზე, პლეხანოვის პროსპექტზე 117-ში.
ჩვენ წამოვდექით და მე მომეჩვენა, რომ საუბარი დამთავრდა. უეცრად მან შემომთავაზა ფეხით გაგვევლო ძველ პლეხანოვის კორტებზე და მისი შეუძლოდ მყოფი მასწავლებელი გვენახა. მე კარგად ვიცოდი, რომ ჩვენ იან ჰომერთან მივდივართ, ადამიანთან, რომელიც ქართული ჩოგბურთის სათავეებთან იდგა.
1918-1927 წლებში იან ჰომერი საქართველოს უცვლელი ჩემპიონი იყო, ვიდრე ის მისმა მოწაფეებმა არ შეცვალეს. იმ მნიშვნელოვან საღამოს მაესტრო იანმა (როგორც მას უწოდებდნენ) და ბატონმა ედუარდმა 1928 წელი მოიგონეს, როდესაც მაესტრომ თავის უფლებამოსილება შეგირდს გადააბარა. მოიგონეს, წავიდნენ საბჭოთა კავშირის პირველ სპარტაკიადაზე, სადაც ამიერკავკასიის გუნდმა, რომელიც მთლიანად საქართველოს ჩოგბურთელებით იყო დაკომპლექტებული, მე-2 ადგილი დაიკავა და რა შთაბეჭდილება დატოვა მაყურებელზე 20 წლის ედუარდ ნეგრებეცკის თამაშმა. ბოლოს, როცა ბევრი თემა ამოიწურა, მაესტროს არჩილ მდივანზე შევეკითხე, რომლის ბედი მე ყოველთვის მაღელვებდა. არჩილის თემა აღმოჩნდა ძალიან მტკივნეული როგორც მის მწვრთნელისთვის იან ჰომერისთვის, ისე მისი პარტნიორისათვისაც წყვილთა თამაშში, ედუარდ ნეგრებეცკისათვის. იან ჰომერი: "თუ ნეგრებეცკიმ ჩოგბურთის თამაში 1920 წელს დაიწყო, არჩილი კორტებზე უფრო ადრე მოვიდა, 1918 წელს, მაგრამ არარეგულარულად ვარჯიშობდა. სისტემატურად მან ვარჯიში 1923 წელს დაიწყო. ცნობილი ბოლშევიკის ბუდუ მდივანის (1877-1937) ოჯახში გაზრდილმა არჩილმა, ბავშვობაში კარგი განათლება მიიღო, ფლობდა გერმანულ და ფრანგულ ენებს (თვითონ ბატონი იანი მშვენივრად ლაპარაკობდა ფრანგულად, რის შედეგადაც შემდგომში მას საფრანგეთის ჯაშუშობაში დასდეს ბრალი), მაგრამ ვერავინ იფიქრებდა, რომ მისი ხანმოკლე ცხოვრების ყველაზე დიდ გატაცებად ჩოგბურთი იქცეოდა. არჩილს ჰქონდა არაჩვეულებრივი რეფლექსები, ის იყო სწრაფი, გამძლე, რაც ხელს უწყობდა მისი თამაშის პროგრესს. 20-იანი წლების დასასრულს მარტო ედურდ ნეგრებეცკის შეეძლო მისთვის მოეგო. 1932 წელს არჩილი და ედუარდი საცხოვრებლად ლენინგრადში გადავიდნენ (ლენინგრადი მაშინ საბჭოთა ჩოგბურთის ცენტრად ითვლებოდა). იწყება არჩილ მდივანის ნიჭის გაფურჩქნის ხანა. წყვილი მდივანი-ნეგრებეცკი საბჭოთა ჩოგბურთის სიმბოლოდ იქცა".
ედუარდ ნეგრებეცკი: "ეს იყო ჩემი ცხოვრების უმშვენიერესი წლები. არჩილთან ერთად თამაშის დროს ჩვენ წარმოვადგენდით ერთ მთლიანობას. ჩვენს მეგობრობას ბევრი შურის თვალით უყურებდა. როდესაც ჩამოვდივარ ტიფლისში (ასე ეძახდა ის თბილისს) და შევდივარ ~პლეხანოვის~ კორტებზე, სულ მგონია, რომ ეს-ესაა გამოჩნდება არჩილი, მთხოვს გიტარის მოტანას და რომელიმე სიმღერის შესრულებას ჩემი რეპერტუარიდან (ბატონ ედუარდს კარგი ბარიტონი ჰქონდა და მხოლოდ ომმა არ მისცა მას საშუალება დაემთავრებინა ლენინგრადის კონსერვატორია). არჩილი ნამდვილი შოუმენი იყო. გულშემატკივართა გროვა ყოველთვის თან ახლდა. მისი თამაში წყვილში საოცარი რამ იყო _ სწრაფი, შთაგონებული, ის თამაშს არაჩვეულებრივ სანახაობას ანიჭებდა. განსაკუთრებით მას ეხერხებოდა თევსზევით დარტყმები მაღალ ნახტომში, რასაც მაყურებელი აღტაცებაში მოჰყავდა. თამაშში მე თითქოს ასისტენტობას ვუწევდი და საშუალებას ვაძლევდი თავისი საუკუთესო თვისებები გამოემჟღავნებია. კორტზე ის მდგრადი, შეუპოვარი, ცხოვრებაში კი რბილი, ღიმილიანი და იუმორით სავსე პიროვნება იყო. არჩილის დაკარგვის შემდეგ მე მყავდა სხვა პარტნიორები (ევგენი კუდრიავცევი, ნიკოლაი ოზეროვი, ევგგენი კორბუტი), მაგრამ არჩილი ჩემთვის უბადლო და საუკეთესო იყო. უკვე 1931 წელს არჩილთან ერთად საბჭოთა კავშირის უძლიერეს ათეულში მოვხდით, ხოლო 1932 წელს ერთეულთა თანრიგში საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გავხდი. იმავე შეჯიბრზე ჩვენ პირველად და უკანასკნელად წავაგეთ ფინალი ევგენი კუდრიავცევთან და ვიაჩესლავ მულტინოსთან დაძაბულ 5 სეტიან ბრძოლაში. ჩვენ ვფიქრობდით, რომ მთელი ჩვენი სპორტული კარიერა აღმავლობის გზით წავიდოდა, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გსურს. ახალგაზრდობა და თბილისურ-პლეხანოვური ჩვეულებები არ გვაძლევდა საშუალებას მთლიანად ~გადავყოლოდით~ ვარჯიშს. მაგრამ არაფერს ვნანობ, ეს ჩემი საუკეთესო წლები იყო~. ეს წლები არჩილ მდივანისათვის მალე გაილია, ახლოვდებოდა 1937 წელი. აი არჩილ მდივანის 1931 - 1937 წლების ცხოვრების მთავარი მოვლენების მოკლე ქრონოლოგია: 1931 - 1935 წლებში საბჭოთა კავშირის ათეულის მოთამაშე (საუკეთესო: მე-5 ადგილი 1935 წელს); 1934 - 1936 წლებში - საბჭოთა კავშირის ჩემპიონი წყვილებში; 1935 წლის ლენინგრადის ჩემპიონი ერთეულებში და 1932, 1935, 1936 წლებში - წყვილთა თანრიგში; 1935 წელს ე. ნეგრებეცკისთან და ბ. ნოვიკოვთან ერთად მონაწილეობს სამატჩო შეხვედრაში თურქ ჩოგბურთელებთან და ყველა შეხვედრას (ანკარა, სტამბოლი) იგებს, 1936 წელს - საბჭოთა კავშირის ჩემპიონი "დინამოს" ნაკრები გუნდის შემადგენლობაში, 2 სექტემბერს მოსკოვში ე. ნეგრებეცკისთან და ე. კუდრიავცევთან ერთად ლეგენდარულ ფრანგ ჩოგბურთელს ანრი კოშეს ხბდება. არჩილს მიენიჭა სპორტის ოსტატის წოდება. აპატიმრებენ მამას _ ბუდუ მდივანს. არჩილი თბილისში ბრუნდება. 1937 წელი, იანვარი. იან ჰომერმა ჩამოაყალიბა ნიჭიერ ჩოგბურთელთა ჯგუფი. ვარჯიშებს ატარებენ პლეხანოვის პროსპექტზე მდებარე "პისჩევიკის" დარბაზში. არჩილი ბორის კრუპენიკოვთან და დავით გულიაშვილთან ერთად აქვე ემზადება ახალი სეზონისათვის. იანვრის ბოლოს მოსკოვში და ლენინგრადში არჩილი წარმატებით მონაწილეობს წყვილთა თამაშებში ე. ნეგრებეცკისთან და სახელგანთქმულ ჩეხ ჩოგბურთელ იოჟეფ სიბასთან ერთად. მარტში არჩილმა მონაწილეობა მიიღო საბჭოთა კავშირის ზამთრის ჩემპიონატში მოსკოვში. მხოლოდ ნახევარფინალში დაძაბულ ბრძოლაში აგებს საბჭოთა კავშირის ჩემპიონთან ბორის ნოვიკოვთან (1909-1989). გაზეთი "
Красный спорт"-ი წერდა: "ჩვენ ვიცნობდით ა. მდივანს, როგორც ბრწყინვალე მოთამაშეს წყვილში, მაგრამ ეხლა ჩემპიონთან ბორის ნოვიკოვთან შეხვედრის შემდეგ, სადაც მან უმაღლესი კლასის თამაში გვიჩვენა, არჩილ მდივანი 1937 წლის ჩემპიონის წოდებაზე შეიძლება ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად ჩაითვალოს". მაგრამ ამ წინასწარმეტყველებას ასრულება არ ეწერა. ბორის ნოვიკოვთან შეხვედრა, რომელიც 1937 წლის 21 მარტს შედგა, ქართველი ჩოგბურთელის ბოლო გამოსვლა აღმოჩნდა კორტზე. ჩემპიონატის დასრულებისთანავე არჩილი თბილისში ბრუნდება და ჩოგბურთის სკოლაში აგრძელებს მუშაობას.
შემდეგ მოვლენები ტრაგიკულად ვითარდებოდა. გაზეთმა "
Красный спорт"-მა გამოაქვეყნა ცნობა, რომ 20 აპრილიდან მოსკოვში "დინამოს" დახურულ კორტებზე შედგება სამატჩო შეხვედრები საბჭოთა კავშირის უძლიერეს ჩოგბურთელთა შორის. შეჯიბრებაში მონაწილეობას მიიღებენ ნოვიკოვი, კუდრიავცევი, მდივანი, მისჩენკო, ჩისტოვი და შაიერი. 20 აპრილს დანიშნული იყო შეხვედრა მდივანი-კუდრიავცევი. მატჩი არ შედგა. არჩილს აპატიმრებენ და მის მაგივრად დიმიტრი სინიუჩკოვი თამაშობს. იხსენებს წარსულში ცნობილი რუსი ჩოგბურთელი დიმიტრი სინიუჩკოვი (1907-?): "ჩვენ ვცხოვრობდით სასტუმრო "ЦДКА"-ში არჩილთან და გუგული დიდიძესთან (ერთ-ერთი საუკეთესო არბიტრი იმ დროისათვის) ერთად, ვდგებოდით ადრე და ყოველთვის არჩილის ხმა გვაღვიძებდა, რომელიც პოპულარულ საოპერო არიებს მღეროდა. ამჯერად ჩვენ თვითონ გავიღვიძეთ და არჩილი ვერსად ვნახეთ. როგორც მერე გამოირკვა ღამე წაუყვანიათ და მან მხოლოდ ის მოასწრო რომ მორიგესთან ედუარდ ნეგრებეცკისთვის გრამფირფიტები და ჩოგნები დატოვა". 15 მაისი. გაზეთი "Красный спорт"-ი: "საქართველოს ფიზკულტურის მუშაკთა აქტივზე სიტყვით გამოსულმა სპორტკომიტეტის თავმჯდომარე სემიონ მილშტეინმა გვაცნობა, რომ გაუვნებელყოფილია ხალხის მტერი - მავნებელი არჩილ მდივანი~. და აი ამონაწერი მისი "სისხლის სამართლის საქმიდან":
"სსრკ უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის 1957 წლის 5 ივლისის 4ნ-024887/56 განჩინებით სისხლის სამართლის საქმე მოქ. არჩილ ბუდუს ძე მდივანის მიმართ, დაბ. 1911 წელს თბილისში, რომელიც გასამართლებული იქნა სსრკ უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელი სესიის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 58-8 (ტერორი) და 58-11 (ყოველგვარი ორგანიზებული ქმედება მიმართული დანაშაულის მომზადებისა და ჩატარებისათვის) მუხლებით 1937 წ. 13 სექტემბერს და მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა (დახვრეტა), წარმოებით შეწყდა მის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის გამო და იგი რეაბილიტირებულია. განაჩენი სისრულეში იყო მოყვანილი 1937 წელს 13 სექტემბერს".
ასე ტრაგიკულად დასრულდა გამოჩენილი ქართველი ჩოგბურთელის სიციცხლე. ის მხოლოდ 26 წლის იყო. არჩილის მთელი ოჯახი განადგურებული იქნა
- მამა ბუდუ, დედა ცუცუნია, ძმები გიორგი, ვანო, დავითი, და -მერი. მხოლოდ "ბედის წყალობით" მისი ძმა შალვა, რომელიც მფრინავი-გამომცდელი იყო, 1933 წელს დაიღუპა თვითმფრინავის გამოცდის დროს. არჩილის ბიძამ - სიმონმა, რომელიც იმ დროისათვის პარიზში ცხოვრობდა, ბუდუს ოჯახის დაღუპვის შესახებ გაიგო თუ არა, თავი მოიკლა. 1937 წლის ბოლოს დააპატიმრეს მწვრთნელი იან ჰომერი, რომელიც მხოლოდ 1955 წელს დაბრუნდა თბილისში. დასასრულს მოგიყვანთ არჩილ მდივანის თამაშის დახასიათებას, რომელსაც მას აძლევენ "Энциклопедия российского тенниса", გამოჩენილი რუსი ჩოგბურთელი, სპორტის დამსახურებული ოსტატი ევგენი კუდრიავცევი (1898-1973) და 30-ანი წლების ცნობილი სპორტული ჟურნალისტი მიხეილ რომი.
"
Энциклопедия российского тенниса
": ა.მდივანის თამაში გამოირჩეოდა სისწრაფით. არაჩვეულებრივი რეაქცია, შეუკავებელი შეტევა, ის მშვენივრად თამაშობდა ჰაერიდან, იყო ძლიერი წყვილთა თანრიგში. თავის ტემპერამენტით ის ამხნევებდა თავის პარტნიორს და შემტევი თამაშით მაყურებელს დიდ სიხარულს ანიჭებდა.
ევგენი კუდრიავცევი: არჩილი დაბადებული იყო ჩოგბურთისთვის. როდესაც მე ის პირველად ვნახე კორტზე, მან ჩემზე დიდი შტაბეჭდილება მოახდინა. თბილისის სწრაფ კორტებზე აღზრდილი არჩილი ტოტალურ, შემტევ ჩოგბურთს ქადაგებდა. როდესაც 1961 წელს პირველად ვნახე ლიუ ჰოუდის (50_60 წლების გამოჩენილი ჩოგბურთელი) თამაში, მისი ტაქტიკით ჩაწოდება-გასვლა ბადესთან, მაშინვე არჩილი მომაგონდა, რომელიც ჯერ მაშინ, შორეულ 30_იან წლებში იყენებდა ამ ტაქტიკას. იმ დროს საზღვარგარეთ ოსტატობის დახვეწის შესაძლებლობა რომ ყოფილიყო, არჩილი თავისი უნიკალური მონაცემებით შეიძლება საერთაშორისო კლასის მოთამეშე გამხდარიყო.
მიხეილ რომი: მდივანის თამაშში სისწრაფე მთავარი თვისებაა, ნეგრებეცკის ერთგული ამხანაგის და თანამგზავრის. რეაქციის საოცარი სისწრაფე, მჩქეფარე ტემპერამენტი, თამაშის სიმწვავე, დაუოკებელი ლტოლვა ბადისაკენ, იქეთ, სადაც შეიძლება ველური ნახტომით ეძგეროს ბურთს და ჩაკლას. არჩილის ყოველი დარტყმა _ იქნება ეს ყუმბარისებური ჩაწოდება, სმეში, რომელიც არ ჩამოუვარდებოდა ნეგრებეცკისას, მოჭრილი, ღრმა ბეკჰენდი (დარტყმა მარცხნიდან), ან ბრტყელი დარტყმა მარჯვნიდან _ ყოველთვის ბადეზე ნახტომის დასაწყისია. ბადესთან ჩოგანი მდივანის ხელში გვაგონებს რაპირას, რომელიც ელვისებურად აყენებს ჩხვლეტას. აქ მისი თამაში ჩინებული იყო თავისი სისწრაფით, ძალით და სიმწვავით. თუ კუდრიავცევი ჩვენი კოშეა, თუ ნეგრებეცკი ჩვენი ვაინსია, მაშინ არჩილი უნდა შევადაროთ ბრიუნიონს (სუყველა 20-30 წლების განთქმული ჩოგბურთელები).

არჩილ მდივანის ოჯახი : მამა - ბუდუ, დედა - ცუცუნია, ძმები - შალვა და დავითი. არჩილ მდივანის მემორიალური დაფა გახსნილია 2001 წელს 1 ივლისს (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა, 41)

 

Home Up