იან ჰომერი (1898-1981)

(31.03.1898-საფრანგეთი - 12.11.1981-თბილისი). საქართველოს საჩოგბურთო სკოლის ფუძემდებელი. საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საქართველოს დამსახურებული მოღვაწე ფიზკულტურისა და სპორტის დარგში.

1918-1927 წლებში საქართველოს უცვლელი ჩემპიონი. 1928 წელს იან ჰომერის
მეთაურობით საქართველოს ნაკრებმა სსრ კავშირის ხალხთა სპარტაკიადაზე მე-2 ადგილი დაიკავა. ედუარდ ნეგრებეცკისა და არჩილ მდივანის პირველი მწვრთნელი

 

ყველასთვის მოულოდნელად, 1964 წელს მაესტრო იანი (ბევრი ასე ეძახდა იან ჰომერს) თავისი დის ივონას მიწვევით შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკში გაემგზავრა. იმ დროს საზღვარგარეთ გამგზავრება მთელ რიგ სიძნელეებთან დაკავშირებული იყო და ყველას ძალიან გაგვეხარდა, რომ ბატონი იანი ათეული წლების განმავლობაში უნახავ დედმამიშვილს შეხვდებოდა. ვიზიტი გაგრძელდა, დაირხა ხმები, რომ მაესტრო ნიუიორკში დარჩა და თბილისში დაბრუნებას აღარ ფიქრობს. მაგრამ, რასაკვირველია, ის დაბრუნდა და აი ჩვენ "დინამოს" კორტებზე ვსხედვართ და მაესტრო თავის მოგზაურობაზე შტატებში გვიყვება. ის მშვენიერი მთხრობელი, არაჩვეულებრივად ცნობისმოყვარე, ცოცხალი და ნათელი გონების პიროვნება იყო. ჩვენთვის, ახალგაზრდა თაობისთვის ამერიკა სადღაც ძალიან შორს, მიუწვდომელი რამ იყო. საერთოდ ყველაფერი შემოიფარგლებოდა იმით, რომ ჩვენ ვუსმენდით რენტგენის ფირფიტებზე ლუი არმსტრონგის და ელა ფიდჯერალდის ჩანაწერებს, "ამერიკის ხმის" უხარისხო გადაცემებს და განთქმული უილის კანოვერის გადაცემებს ჯაზზე. მაესტრომ მოგვითხრო თუ როგორ დაეხეტებოდა ნიუ-იორკში, როგორ დაათვალიერა მუზეუმები, ბროდვეიზე მოუსმინა მიუზიკლს, იყო "მედისონ სკვერ გარდენში", "კარნეგი ჰოლში". და მაშინ ვკითხე თუ სად წავიდა ნიუ-იორკში ჩასვლისას უპერველესად. იან ჰომერმა გაიღიმა და მითხრა – რასაკვირველია "ფორესტ ხილზში" (განთქმული ჩოგბურთის კორტები, სადაც 1978 წლამდე შტატების ღია პირველობას ატარებდნენ). მაშინ საემიგრაციო სამსახურმა მას ამერიკის მოქალაქეობა შესთავაზა. "როდესაც წარმოვიდგინე თბილისი, პლეხანოვის კორტები, მეგობრები, ახლობლები ამ მაცდუნებელ წინადადებაზე დაუყონებლივ უარი ვთქვი". ქართულ მიწაზე აღზრდილს, შეისისხლხორცებული ჰქონდა ქართული კულტურა, იყო საქართველოს დიდი პატრიოტი, უყვარდა თბილისი, თავისი სახლი, ფანატიკურად ერთგული იყო საყვარელი სპორტისა, და ამ კავშირის გაწყვეტა მას არ შეეძლო.

იან ჰომერის ცხოვრება გაჟღენთილი იყო დრამატული მოვლენებით. ადვოკატის შვილი, წარმოშობით ბერძენი, ის თავის ოჯოხთან ერთ ჩამოვიდა ჭიათურაში, სადაც მაესტროს მამამ ჯონ ტარსეის ხელმძღვანელობით მუშაობა დაიწყო ინგლისურ კომპანიაში "Forward and Salinas". მაშინ ინგლესელებმა, ჭიათურაში, საქართველოს ტერიტორიაზე ჩოგბურთის პირველი კორტი ააშენეს. იან ჰომერი სწორედ იქ გაეცნო ჩოგბურთს. "თამაში ძალიან მომეწონა, განსაკუთრებით თეთრი ბურთები, რომლებიც ჰაერს ტყვიასავით მიაპობდნენ" - იხსენებდა იან ჰომერი. "ჩოგბურთის თამაში ბევრმა დაიწყო, მას "ჭაშნიკი" წერეთლების ოჯახშიც გაუსინჯეს. აკაკი წერეთლის ბიძაშვილის ლიზა წერეთლის ეზოში სახელდახელო კორტიც მოაწყვეს. თამაშს ხშირად თვითონ აკაკი წერეთელიც ესწრებოდა, რომელიც კვირაში ერთხელ მაინც მოდიოდა აქ. საყვარელი მგოსნის გამოჩენა მუდამ გვიხაროდა - იგი ხომ ძალზე მხიარული ადამიანი იყო და დაუსრულებლად გვიამბობდა სასაცილო ამბებს. 13 წლისამ ქალაქის ოფიციალურ შეჯიბრებაში ვცადე ძალა და მოზრდი­ლებს შორის ჩემპიონობა მოვიპოვე". მალე ოჯახი თბილისში გადასახლდა მიხეილის (მიხაილოვის), ახლანდელი დავით აღმაშენებლის პროსპექტზე 117 ნომერში, სადაც იმ დროისთვის ცნობილი საჩოგბურთო კლუბი იყო. ჭიათურაში მიღებული გაკვეთილების შემდეგ, იან ჰომერი თავის ოსტატობასაც ხვეწს და იმავდროულად მწვრთნელობასაც ეწევა. 10 წლის განმავლობაში (1918-1927) მაესტრო იანი თბილისის და საქართველოს უცვლელი ჩემპიონი იყო. მერე ის მისმა მოწაფეებმა შეცვალეს, გამოჩენილმა ჩოგბურთელებმა ედუარდ ნეგრებეცკიმ და არჩილ მდივანმა. 1928 წელს იან ჰომერს წილად ხვდა პირველი წარმატება, როგორც მწვრთნელს პირველ საკავშირო სპარტაკიადაზე ამიერკავკასიის გუნდმა, რომელიც მთლიანად საქართველოს ჩოგბურთელებით იყო დაკომპლექტებული, მე-2 ადგილი დაიკავა.

იან ჰომერი იხსენებდა: "სასპარტაკიადო მოსკოვში ხმა გავარდა ე.წ. ჩერნიშევსკის ყაზარმებში (ამჟამინდელი კომუნის მოედანი, სადაც ჩვენი გუნდი მოათავსეს), უძლეველი ჩოგბურთელები ცხოვრობენო. ყველას უნდოდა თბილისელ ჩოგბურთელთა ხილვა. ისინი ხომ კორტების აღიარებულ ოსტატებთან - მოსკოველებთან ერთად სპარტაკიადის ფინალში გავიდნენ. ეს ფაქტი მაშინ პირდაპირ სენსაციურად მიიჩნიეს. უნდა ითქვას, რომ ჩვენი ჩოგბურთელები რამდენიმე დღეში მოსკოველ მაყურებელთა ფავორიტებათ იქცნენ". ქართველმა ჩოგბურთელებმა მხოლოდ 39 წლის შემდეგ შეძლეს 1928 წლის შედეგის გამეორება. უკვე 30-ნი წლების დასაწყისისთვის იან ჰომერმა ჩოგბურთელების მთელი პლეადა აღზარდა, რომლებიც საბჭოთა კავშირის უძლიერესი ჩოგბურთელების სიაში მოხვდნენ. აი ისინი: თამარ გოგოლაური, ედუარდ ნეგრებეცკი, არჩილ მდივანი, ბორის სერებრიანიკოვი. შემდგომში კი ედუარდ ნეგრებეცკი და არჩილ მდივანი მრავალგზის საბჭოთა კავშირის ჩემპიონები გახდნენ. და კიდევ მაესტრო იანის ერთი მოწაფე, ბორის კრუპენიკოვი 40-იან წლებში საბჭოთა კავშირის უძლიერეს ჩოგბურთელთა ათეულში იმკვიდრებს ადგილს. მაღალი კლასის სპორსმენების აღზრდის გარდა, იან ჰომერი აგრეთვე მწვრთნელებსაც ამზადებს. არამ ხანგულიანი (რომელმაც ალექსანდრე მეტრეველი აღზარდა) მუშაობას იწყებს "დინამოს" კორტებზე (ყოფილი ე.წ. პეტერსონის კორტები ჩიტაძის ქუჩაზე), ვახტანგ (გუგული) დიდიძე კი (ვანო ელერდაშვილის, გივი კოკაიას, ვიქტორ ურაევსკის პირველი მწვრთნელი) მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე კორტებზე. მაესტრო იანის მოღვაწეობის სფერო 30-იან წლებში პროფესიონალური მოღვაწეობის ჩარჩოებს ცილდება ის ბევრს მოგზაურობს საქართველო­ში, მისი სტატიები, რომლებიც სპორტის განვითარების პრობლემებს ეხება, პრესაში იბეჭდება.

მაგრამ ულმობლად ახლოვდებოდა 1937 წელი, რომელმაც დიდი გარდატეხა შეიტანა იან ჰომერის ცხოვრებაში. იმ წელს მან ბევრი მეგობარი, ახლობელი და მოწაფე დაკარგა. არჩილ მდივანი აპრილში დააპატიმრეს. მაესტრო ინერციით განაგრძობს მუშაობას. ივნისში წამყვან მწვრთნელებთან და ჩოგბურთელებთან ერთად, მოსკოვს შეკრებაზე მიემგზავრება. მოსკოვში ჩადის განთქმული ფრანგი ჩოგბურთელი ანრი კოშე, რომელიც 2 თვის განმავლობაში ინტენსიურ ვარჯიშებს ატარებს და საჩვენებელ თამაშებში მონაწილეობს. აგვისტოში კი დიდი ფრანგი თბილისს ეწვია და მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე კორტებზე საბჭოთა კავშირის უძლიერეს ჩოგბურთელებს შეხვდა. იან ჰომერი მშვენივრად ფლობდა ფრანგულ ენას და ანრი კოშესთან მუდმივი ურთიერთობის დროს სპორტსმენების მომზადების ახალი, ფასდაუდებელი ცოდნა შეიძინა. მაშინ აჩუქა დიდმა ფრანგმა იან ჰომერს თავისი ფოტო ავტოგრაფით: ~იან ჰომერს, ჩოგბურთის სიმპატიურ და მომთმენ პროფესორს, ჩემი საუკეთესო სურვილებით~. მაგრამ ამაოდ, ახალი ცოდნა მან ვეღარ გამოიყენა პრაქტიკაში. 1937 წლის მიწურულს ერთ ღამეს იან ჰომერი თავის ძმებთან მარსელთან და ჟორჟთან ერთად დააპატიმრეს. მათ აბსურდული ბრალდება წაუყენეს: შპიონაჟი საზღვარგარეთის სახელმწიფოს სასარგებლოდ. სამეულის გადაწყვეტილებით მაესტროს მიუსაჯეს 10 წელი საბანაკო რეჟიმი და შემდეგ 5 წელი გადასახლება. ბანაკში 10 წლის ყოფნისას, მან ჯოჯოხეთის ყველა წრე გაიარა. მოხვდა რა კოლიმის ბანაკში, მან მოყინვის შედეგად რამოდენიმე თითი დაკარგა ხელზე და მხოლოდ ბედნიერი შემთხვევითობის გამო დარჩა ცოცხალი. და იქ, შორეულ კოლიმაზე მას ისევ ჩოგბურთმა უშველა. სრულიად შემთხვევით ბანაკის საწყობში ის ჩოგნებს წააწყდა და უფროსობას შესთავაზა ჩოგბურთის კორტი აეშენებინათ. დათანხმდნენ. ეს მოხდა გადასახლების მე-4 თუ მე-5 წელს, ჯანმრთელობა ძალიან შერყეული ჰქონდა და ერთ ან ორ წელიწადში შეიძლება ყველაფერი ტრაგიკულად დამთავრებულიყო.

იან ჰომერს "დაუფასეს" მისი მოღვაწეობა ჩოგბურთში და კუნძულ სახალინზე, სხვა ბანაკში, გადაიყვანეს, სადაც ის უკეთესი კლიმატური პირობების გამო სიკვდილს გადაურჩა. მხოლოდ 1948 წელს, ამდენ ტანჯვაგამოვლილს, ნება დართეს ქუთაისში დასახლებულიყო. აქ იან ჰომერმა პედაგოგიურ ინსტიტუტში ასფალტის კორტი მოაწყო და ურთულეს პირობებში კარგი ჩოგბურთელები აღზარდა. მისი მოსწავლე ცეზარ მეგენეიშვილი საქართველოს ჩემპიონი გახდა ჭაბუკებში. ცეზარი დღესაც განაგრძობს ქუთაისში თავისი დიდი მასწავლებლის მიერ წამოწყებულ საქმეს. რეაბილიტაციის შემდეგ, თბილისში დაბრუნებულ, იან ჰომერს გულგრილად შეხვდნენ ისინი, ვინც იმ დროისთვის ხელმძღვანელობდა ქართულ სპორტს და კერძოდ ჩოგბურთს. დიდი მაესტროსთვის ადგილი არ მოინახა კორტებზე. მაგ­რამ იან ჰომერი არ ჩამოშორდა ჩოგბურთს. მსაჯობს შეჯიბრებებს, ატარებს ვეტერანთა ტურნიტებს, ჩოგბურთელებს კონსულტაციებს უწევს. 70-იან წლებში მან ბევრი გააკეთა ქუთაისის სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნაში, ის იღებდა აქტიურ მონაწილეობას სპორტული ნაგებობების მშენებლობაში. იან ჰომერის დამსახურება ქართული სპორტის წინაშე მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ, ყველაზე მაღალი პარტიული ხელმძღვანელობის ჩარევის შემდეგ დაფასდა ღირსეულად. მას ჯერ საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, შემდეგ კი ფიზკულტურისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.
იან ჰომერის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ჩვენ ვსაუბრობდით პლეხანოვის ძველ კორტებზე. მაესტრო, როგორც ყოველთვის, ენერგიული, ლაზათიანი და ოპტიმიზმით აღსავსე იყო. მე ეს აღვნიშნე და ბატონმა იანმა მიპასუხა, რომ საიდუმლოება რომაელების ფორმულაში იმალება - უნდა იცოდე აწმყოს დაფასება, თავი არ უნდა შეიწუხო მომავალზე ფიქრით და მით უმეტეს დაუბრუნებელი წარსულით. "პატიმრობაში ეს ფორმულა დამეხმარა და სიკვდილს გადამარჩინა. სიცოცხლისადმი ინტერესი ყველაზე რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციებშიც კი არ დამიკარგავს". რამოდენიმე დღის შემდეგ მაესტრო იანი გარდაიცვალა.
ახლა, როცა საქართველოში ჩოგბურთის დანერგვიდან უკვე ასი წელი გავიდა, უნებლიედ ვუფიქრდებით, თუ რა როლი შეასრულა იან ჰომერმა საქართველოში ჩოგბურთის განვითარებაში. იმ შორეულ 20-30-იან წლებში მან უზარმაზარი შრომა გასწია. და, ის რომ ჩვენმა განთქმულმა ჩოგბურთელებმა ალექსანდრე მეტრეველმა და ლეილა მესხმა დიდ წარმატებებს საერთაშორისო ასპარეზზე მიაღწიეს, იან ჰომერის დიდი დამსახურებაა. როცა აანალიზებ ქართული ჩოგბურთის გენეალოგიას, გიჩნდება აზრი, რომ ყველა გზა ერთ მწვერვალისკენ მიდის და ეს მწვერვალი მაესტრო იანი.

სურათებზე : იან ჰომერი ოჯახის წრეში. ზედა რიგში მეორე. თბილისის ნაკრები გუნდი : თამარ გოგოლაური, ევგენია ვერმიშევა, ბორია სერებრენიკოვი, იან ჰომერი, არჩილ მდივანი, არამ ხანგულიანი, თბილისი, 1931 წელი.  ანრი კოშე (Henri Cochet), იან ჰომერი,
თბილისი, 1937 წელი.

იან ჰომერის მემორიალური დაფა გახსნა 1999 წელს 10 ოქტომბერს (დავით აღმაშენებლის პროსპექტი, 117)

Home  Up